ბანდიტურმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ ივანიშვილისა და დიტო სამხარაძის ხელმძღვანელობით მორიგ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მეტიც - მაფიოზურ ვერტიკალში, მარიონეტ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრზე მეტმა - სამხარაძემ, განცხადებას ვიდეო, ფოტო და აუდიომტკიცებულებებიც მოაყოლა.
ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია აღარ არსებობს. სახეზეა ბანდიტური კრიმინალური დაჯგუფება დიტოს და ბიძინას ოცნება. გარე სამყაროსთან და საზოგადოებასთან საკომუნიკაციო ენაა შანტაჟი, შეურაცხყოფა, ტერორი და ძალადობა.
აღარ არსებობს კანონი და მისი დამცველი სახელმწიფო ინსტიტუტები. პოლიციის დღის აღსანიშნავი ტრიბუნიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საპატრულო ეკიპაჟების თვალწინ, ათეულობით პირველყოფილი ადამიანის საბრძოლო იარაღით - წვერწამახული კეტებით შეიარაღებული კრიმინალი თავს ესხმის პოლიტიკური პარტიის ოფისს, იქ მყოფ ხალხს და პოგრომს აწყობს.
იმავე პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, აშშ-ის, ევროკავშირის და გერმანიის ელჩები ფაქტობრივად დემარშს მიმართავენ და მათთვის შეურაცხყოფის მიმყენებელი მარიონეტი პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის გვერდით გამოჩენაზე უარს ამბობენ. საქართველო, უფრო სწორედ, ამ ეტაპზე მისი კრიმინალური, ექსტრემისტი, დელეგიტიმირებული, ანტიდასავლური მთავრობა სრული იზოლაციისკენ მიექანება და აზიურ ავტორიტარიზმს ეპოტინება. ეს დინამიკა და მისი ბოლო ისეთივე ნათელია, როგორ წკვარამ უკუნსაც განასახიერებს ბიძინას და დიტოს მოტანილი "მშვიდობა" საქართველოსთვის.
მშვიდობის "ბიძინადიტოესიულ" ფორმულას კიდევ უფრო გასაგებად განგვიმარტავს მათი სულიერი და მარგარიტა სიმონიანი:
"სპეციალურ საომარ ოპერაციამდე განწყობა საზოგადოებაში განსხვავებული იყო არა?... შეამჩნიე, როგორ შეიცვალა განწყობები საზოგადოებაში ბოლო 2 წლის განმავლობაში? უფრო მსუბუქად სუნთქვა გახდა შესაძლებელი. მსუბუქად ვსუნთქავთ. იყო მთელი რიგი გადაწყვეტილებებისა, რომელიც არ მოსწონდა ერთ ადამიანების ერთ მუჭას, მაგრამ სამაგიეროდ თანხვედრაში მოდის ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის სურვილებთან, თუმცა მანამდე ამ უმრავლესობის ხმა არ ისმოდა. სპეციალური საომარი ოპერაციის შემდეგ, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ადვილად შესაძლებელი გახდა", - მარგარიტა სიმონიანი.
სანამ კალაძე გვიმტკიცებს, რომ ახალრეაბილიტირებული წერეთლის გამზირი არ დატბორილა, პაპუაშვილი პუტინის საშინაო დავალების რვეულიდან გადმოწერილ კანონს ქართულს არქმევს, კობახიძე უწყება-უწყება დადის და ჰიპნოზურ-მედიტაციური სეანსებით საჯარო მოხელეებს ალტერნატიულ რეალობაში არწმუნებს, სადაც ბიძინას და დიტოს ტალეირანისებული სვლები მსოფლიო შეთქმულებას ამარცხებს და ქვეყანა სამშვიდობოს გაჰყავს...
"პირველ რიგში ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა", - ირაკლი კობახიძე.
კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რას ნიშნავს ქართულ ვერსიაში "თავისუფლად მსუნთქავთა" მშვიდობა:
"სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე საზოგადოებაში განწყობა განსხვავებული იყო არა? შეამჩნიე, როგორ შეიცვალა განწყობები საქართველოში ბოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში? უფრო მსუბუქად სუნთქვა გახდა შესაძლებელი. მსუბუქად ვსუნთქავთ. იყო მთელი რიგი გადაწყვეტილებებისა, რომელიც არ მოსწონდა ერთ ადამიანების ერთ მუჭას, მაგრამ სამაგიეროდ თანხვედრაში მოდის ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის სურვილებთან, თუმცა მანამდე ამ უმრავლესობის ხმა არ ისმოდა. სპეციალური საომარი ოპერაციის შემდეგ, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ადვილად შესაძლებელი გახდა", - მარგარიტა სიმონიანი.
"ვიცი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხართ, უზარმაზარ ზეწოლას განიცდით და შესაძლოა ბევრისთვის აუხსნელიც იყოს ჩვენი ნაბიჯები დასავლეთთან მიმართებაში. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ამას ომისა და სისხლისღვრისგან საქართველოს გადასარჩენად ვაკეთებთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ გლობალური ომის პარტია, არჩევნების მეშვეობით ხელისუფლებაში ლოკალური ომის პარტიის, ანუ ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტების მოყვანას გეგმავს, რაც რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავუძლოთ ამ ზეწოლას, შემოდგომის, მაქსიმუმ წლის ბოლომდე. ამ ხნის განმავლობაში იქნება მკაცრი განცხადებები, თუმცა ეს ყველაფერი სიტყვების დონეზე დარჩება და სანქციებად ვერ იქცევა, რადგან ამ დროისთვის ევროკავშირსა და ამერიკაში არჩევნები ჩატარებული იქნება. ახალ ხელისუფლებებთან კი ურთიერთობებს აუცილებლად დავალაგებთ…"
როგორც სანდო წყარო გვიყვება, ეს არის, რასაც პრემიერი კობახიძე სამინისტროებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში გახშირებული სტუმრობის დროს საჯარო მოხელეებს ეუბნება. ზუსტად ვიცით, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი, თუ საღი აზრი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ბევრ მათგანს მოსვენებას არ აძლევს და იმასაც ჰკარნახობს, რომ რაღაც მართლა ძალიან ცუდი ხდება და დღეს უმოქმედობა, ხვალ, შესაძლოა უკიდურესად ძვირად დაუჯდეთ.
დასავლეთის აქამდე არნახულ კრიტიკას რომ საქმეც ძალიან მალე მოჰყვება იქიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ოცნების ხელისუფლების რუსეთთან და ახლა უკვე ჩინეთთან მოკავშირეობაზე ივანიშვილმა 29 აპრილის გამოსვლით და რუსული კანონის მიღებით ყოველგვარი ეჭვი თავად გაფანტა. ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიის ძირის გამოთხრას თავი რომ დავანებოთ, არადა ანალოგიური ბრალდებით ქვეყნიდან გაქცეული მოლდოველი მილიარდერი პლახატნიუკი და მისი მარიონეტები უკვე კარგა ხანია უმძიმესი ფინანსური თუ სავიზო შეზღუდვების ქვეშ არიან, რუსეთის მოკავშირე უკლებლივ ყველა ხელისუფლება სანქცირებულია. ისიც ცხადია, რომ ოცნებას დასავლეთთან ნდობის ყოველგვარი ვოტუმი ამოწურული აქვს და ამ ქვეყნებში ბუნებაში აღარ არსებობს პოლიტიკური ძალების ისეთი კონფიგურაცია, რომლის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიც ივანიშვილი ურთიერთობებს დაალაგებს.
ამერიკით დავიწყოთ. ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უკვე არსებობს ორპარტიული თანხმობა ივანიშვილის ხელისუფლების რუსულ კავშირებთან მიმართებაში. და როდესაც "მეგობარი" აქტი კონგრესში, ხოლო "ქართველი ხალხის მხარდაჭერის" აქტი სენატში ამ თვის ბოლოს საბოლოოდ კანონად იქცევა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინა, მიუხედავად იმისა ვინ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი, ვალდებული იქნება ეს აქტები დაუყოვნებლივ აღასრულოს. კანონი კი პირდაპირ ითხოვს პერსონალურ სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერების, ქართული დემოკრატიის ძირის გამომთხრელების, თუ რუსეთისა და ჩინეთის გავლენის აგენტებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყნისთვის ამერიკული დახმარების შეწყვეტასა და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვაზე, რაც უმძიმეს დარტყმას მიაყენებს როგორც საქართველოს ეკონომიკას, ისე მის საერთაშორისო პოზიციებს.
შემდეგ კვირას ჩანიშნულ ევროპარლამენტის არჩევნებს რაც შეეხება, ყველა კვლევის თანახმად, პარლამენტში შესაძლოა, ახლანდელზე მეტი ევროსკეპტიკოსი მოხვდეს, თუმცა ძალაუფლების ცენტრები უცვლელი დარჩება. პირველ-მეორე ადგილს კვლავ ევროპის სახალხო პარტია და სოციალისტები გაინაწილებენ, ფართო კოალიციას კი კონსერვატორებთან, ლიბერალებთან ან მწვანეებთან ერთად დააკომპლექტებენ. ამიტომ, არც ევროპულ საბჭოში, არც ევროკომისიაში და მითუმეტეს არც პარლამენტში ბალანსი არ შეიცვლება. მეტიც, ოცნების ერთადერთი მოკავშირე უნგრეთი, ევროკავშირის როტაციულ პრეზიდენტობას წლის ბოლოს დაასრულებს, მანამდე კი დიდი ალბათობით გაფართოების კომისრის გავლენიან თანამდებობასაც დაკარგავს. ასე რომ ივანიშვილს ევროკავშირთან ვითარების "დასალაგებლად" კვლავ, ქართული ოცნების მხრიდან ომის პარტიად არაერთხელ მონათლულ პოლიტიკურ ძალებთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.
მეტიც, ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა, რის შემდეგაც ივანიშვილი დასავლეთთან ურთიერთობების "გადატვირთვას" იმედოვნებს, მხოლოდ უკიდურესად უსამართლო და გაყალბებული არჩევნების შედეგად შეიძლება მოხდეს, რა შემთხვევაშიც, ოცნება ვაშინგტონისა და ბრიუსელის თვალში ლეგიტიმაციას სრულად დაკარგავს. ეს დამატებითი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი გახდება, როგორც ოცნების ლიდერების, თუ პარლამენტის ახალი წევრების სანქცირებისთვის, ისე საქართველოსთვის ყველა იმ სიკეთეების შესაჩერებლად, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების თუ ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვისთვის გაღებული მსხვერპლის გამო მიიღო.
ამიტომ, საჯარო სექტორში დასაქმებულებმა, რომელთაც შეუძლებელია არ აწუხებდეთ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსის რუსეთისკენ შეტრიალება, ამერიკისა და ევროპის მტრად გამოცხადება და აზიური ავტორიტარიზმისკენ სწრაფი სვლა, ბოლომდე უნდა გაიაზრონ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ დარჩენის პირობებში დასავლეთთან ურთიერთობების "დალაგება" უბრალოდ გამორიცხულია. უმკაცრესი სანქციები გარდაუვალი იქნება, საქართველო მალევე დაკარგავს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობასაც, კანდიდატის სტატუსსაც, ამერიკულ და ევროპულ დახმარებას და ისედაც მწირ დასავლურ ინვესტიციებსაც, რაც გარდაუვალ ეკონომიკურ კრიზისს, ლარის გაუფასურებას, მეტ სიღარიბეს, უმუშევრობას და ქვეყნიდან დამატებით გაქცეულ მრავალ ათას ადამიანს ნიშნავს.
მთლად დიტო სამხარაძედ გადაქცეული ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკური ისტორიის შემთხვევითობა და ანაქრონიზმია. თქვენს და ჩვენს საერთო ქვეყანას მასთან ერთად მომავალი არ აქვს. ივანიშვილი სიმშვიდის, სტაბილურობის, კულტურულობის, ცივილიზაციის, პროგრესის, კეთილდღეობის ანტიპოდად ჩამოყალიბდა. მისი მაფიოზური ინფრასტრუქტურის დანამატად ქცეულ ღირსეულ საჯარო სექტორს მხოლოდ სირცხვილი, დისკომფორტი და რყევები ელის.
თუ ქვეყანაში ევროპულმა, დემოკრატიულმა მომავალმა ვერ გაიმარჯვა, ეს არამარტო ივანიშვილისა და მისი მარიონეტების ბრალი, არამედ იმ საჯარო მოხელეების პირდაპირი პასუხისმგებლობაც იქნება, რომლებიც დუმილსა და საკუთარ სიმხდალეს კობახიძის პროპაგანდისტული ზღაპრებით, ან უფრო უარესი - მარგარიტა სიმონიანის "მშვიდობის" მოლოდინით ამართლებენ.